მოკლე ინფორმაცია:
სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
სვანები
სვანები – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში
მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgFx42YVWTgiC0psowQA9gEKAeZwEzqAzLBGz2yOtU_WHKJsAE7c7GK3zky81paS7XTfwjvTKyCi3iw0r8s8uBwvwO6zpcZDyId118yxP40rdlII2vsmoTxaGdKoMKqb2QSFLamEkbKWco/s400/a24172.jpg)
პეიზაჟები, რომელთა ფონზეც შუასაუკუნეების თავგადასავლები განვითარდებოდა
სვანეთი – კავკასიის პირველყოფილი და წმინდა მიწა. 5 000 მეტრის სიმაღლეზე აკიდულ მწვერვალებს შორის შეყუჟული მწვანე სოფლები მთელი ზამთრის განმავლობაში, სამყაროს მოწყვეტილები არიან. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, ამ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს, ტრანსპორტით 11 საათიანი მოგზაურობის და დაღარული გზის გავლის შემდეგ მიადგები. პეიზაჟები თითქოს შუასაუკუნეებზე გადაღებული ფილმის კადრებიდანაა. 12 000-მდე სვანი საქართველოს 17 სოფელსა და 72 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. შესასვლელებში დიდი ძაღლები ყეფენ. ქათმები, ტახები და ხარები ტალახიან გზებზე მოძრაობენ. ქალები შავებში არიან გამოწყობილები. საუკუნეების განმავლობაში სწორედ აქ, ქვეყნის დასალიერისკენ მიისწრაფვოდნენ კავკასიელები, რომ თავიანთი ძვირფასეულობა – ბიზანტიელთა, ოტომანთა, სხვადასხვა იმპერიათა და ბოლშევიკთა შემოსევებისგან გადაერჩინათ… მეფეები საგანძურს აქ აგზავნიდნენ და ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ იბრუნებდნენ.
სვანებმა საკუთარი მამა-პაპისეული ქონების დაცვა იციან. ისინი კეთილგანწყობილად გიღებენ კარს და ერთი ჭიქა ჭაჭის (ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი) დალევის შემდეგ, ამ ისტორიული პასუხისმგებლობის შესახებაც გიამბობენ. მურთაზის მეზობლის, ლატალის ძველი გამგებლის ვალერი კვანჭიანის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი რეკორდულ დროში გიწყობენ სუფრას. “ჩვენ საკუთარი ენა, სვანური შევინარჩუნეთ. იცით მისი ერთ-ერთი ღირსება რა არის?” – კითხულობს ის და თან ხაჭაპურს (ადგილობრივი ყველის ორცხობილა) მიირთმევს – “ეს ერთადერთი ენაა, სადაც უწმაწური სიტყვები არ არის, თორემ ერთმანეთს დავხოცავდით. რეგიონში ლამის იმდენი იარაღია, რამდენი ცხოველიცაა” – ხუმრობს ეს სამოცი წლის კეთილშობილი კაცი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სვანეთი უსამართლობისა და უკანონობის, მძარცველთა და კრიმინალთა სათარეშო ადგილად იქცა.